სსიპ პროფესიული კოლეჯი „ქართლი“ დაარსდა 2021 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
400 სტუდენტზე გათვლილი ორიგინალური არქიტექტურის შენობის მშენებლობის პროექტი განხორციელდა თანამედროვე სამშენებლო ნორმების შესაბამისად. კოლეჯში საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით კეთილმოწყობილია ადმინისტრაციული საქმიანობის სივრეცეები და სასწავლო აუდიტორიები, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით და ტექნიკით აღჭურვილია სახელოსნოები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, რეკრეაციული შიდა და გარე ზონები. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
კოლეჯში პროფესიული პროგრამების განხორციელება იგეგმება ქვეყნისათვის პრიორიტეტული დარგების, შიდა ქართლის რეგიონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის შრომის ბაზრის მიმდინარე და უახლოესი პერიოდის საპროგნოზო საჭიროებების გათვალისწინებით.
პირველი სასწავლო წელი კოლეჯში დაიწყო 2024 წლის 15 ოქტომბერს პროფესიული მომზადების პროგრამებით პრიორიტეტულად მოთხოვნად მიმართულებებზე: ელექტროობა, შედუღება, სანტექნიკური სამუშაოები, სატყეო საქმე, საავტომობილო ძრავის შეკეთება, ბუღალტერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
კოლეჯში თეორიული ცოდნის მიღება და პრაქტიკული უნარების დაუფლება ხელმისაწვდომია სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის – როგორც საბაზო განათლების მქონე პირებისათვის, ისე ზრდასრულთათვის ასაკის შეუზღუდავად.
კოლეჯს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და კვლავ აგრძელებს პარტნიორთა ქსელის განვითარებას პროფესიული პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში მათი ჩართულობისა და კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმებაში ხელშეწყობისათვის.